პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის
ანგარიში
საკვლევი თემა:
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს
ნაწარმოების თანამედროვე კონტექსტში გაგება-გააზრებაში „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების
მაგალითზე
სსიპ - ქალაქ თბილისის #209 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ია აბუაშვილი
თბილისი
2018
წ.
სარჩევი
1.
შესავალი
----------------------------------------------------------------------- 3 გვ.
2.
ლიტერატურის
მიმოხილვა ------------------------------------------------- 4 გვ.
3.
პრობლემის
შერჩევა----------------------------------------------------------- 7 გვ.
3.1
დიაგნოსტირების ეტაპი -------------------------------------------------- 8 გვ.
3.2
კვლევის
გეგმა -------------------------------------------------------------- 12 გვ.
3.3
მონაცემთა ანალიზი ------------------------------------------------------ 15 გვ.
4.
ინტერვენციები
---------------------------------------------------------------- 15 გვ.
5.
შედეგების
გაზომვა -------------------------------- --------------------------- 29 გვ.
6.
დასკვნა ------------ -------------------------------------------------------------
33 გვ.
7.
კვლევის
მიგნებები ------------------------------------------------------------ 34 გვ.
8.
რეკომენდაციები---------------------------------------------------------------
35 გვ.
9.
რეფლექსია
--------------------------------------------------------------------- 36 გვ.
10.
გამოცდილების
გაზიარება --------------------------------------------------- 37 გვ.
11.
ბიბლიოგრაფია
----------------------------------------------------------------- 38 გვ.
12.
დანართები
---------------------------------------------------------------------- 39 გვ.
შესავალი
გლობალურმა კულტურულ-ეკონომიკურმა და ტექნოლოგიურმა
ცვლილებებმა მსოფლიოს მრავალი სახელმწიფო დააყენა ძირეული საგანმანათლებლო რეფორმის
განხორციელების აუცილებლობის წინაშე, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის თანამედროვე ხარისხის
განათლების მიცემა წარმოადგენს.
ახლადრეფორმირებული სკოლის მოსწავლე, პასიური ცოდნის
მიღების ნაცვლად, მისი შემოქმედი ხდება. ე.წ. ტრადიციული დასწავლის პედაგოგიკა, რომელიც
გულისხმობდა თეორიული ცოდნის სავალდებულო დაგროვებას,
შეიცვალა კრიტიკული აზროვნებით.
მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ქართველი და ესპანელი
ექსპერტების მიერ 2005-06 წლებში საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესის შესაფასებელი
კვლევა ჩატარდა. კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ: „...მასწავლებლებისა და სკოლების დიდი
ნაწილი იზოლირებულ მდგომარეობაში იმყოფება და უმეტესწილად ძველი საგანმანათლებლო სისტემისგან
შემორჩენილი პედაგოგიური მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს. სწავლის ყველაზე გავრცელებულ
მოდელს წარმოადგენს სწავლის, როგორც ცოდნის პასიური მიღების მოდელი. ... სწავლა კვლავ
რჩება მასწავლებელზე ორიენტირებულ, ტექსტზე დამოკიდებულ და ფაქტობრივ ცოდნაზე დაფუძნებულ
პროცესად. ... ამ პრობლემის დასაძლევად საქართველოს მასწავლებლებს დასჭირდებათ ისეთი
ახალი პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ფასეულობების შეძენა და გამომუშავება,
რაც მათ ამ ცვლად და რთულ სამყაროში მოსწავლეთა ქცევასთან, ურთიერთდამოკიდებულებებსა
და მისწრაფებებთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში დაეხმარება“.
აღნიშნული
კვლევის შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის მანძილზე საგანმანთლებლო რეფორმა, მეგობარი
ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, წარმატებით ხორციელდება. დღეს სწავლა-სწავლების
პროცესში პრიორიტეტულია მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები, კრიტიკული აზროვნების
განვითარება და განსხვავებული აზრის პატივისცემა. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად
შეიცვალა სწავლების პროცესი, მიდგომები, მეთოდები, შედეგის გაზომვის ინსტრუმენტები,
მოსწავლეთათვის მაინც სირთულეს წარმოადგენს ძველი ქართული ლიტერატურის ტექსტების გაგება-გააზრება
თანამედროვე კონტექსტში,
ხოლო პედაგოგებისთვის საკითხის ამგვარად სწავლება.
ლიტერატურის მიმოხილვა
„საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს,
შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი,
თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. - ვკითხულობთ ზოგადი განათლების ეროვნულ
მიზნებში (საქართველოს მთავრობის დადგენილება, 2004 წელი). საქართველოს ზოგადი განათლების
სისტემაში მიღებული განათლების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს „ქვეყნის ინტერესების,
ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზება. სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა („ა“
პუნქტი).
არაერთი კვლევის შედეგად განათლების
ექსპერტების მიერ გაიცა რეკომენდაციები სწავლა-სწავლების პროცესის კიდევ უფრო
ხალისიანად წარმართვისა და მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით.
„სასწავლო პროცესის დაგეგმვაში მთავარი
რეკომენდაცია იყო, სკოლაში შეიქმნას მეტი თავისუფალი სივრცე და მაქსიმალურად
წახალისდეს ახალი იდეები. უფრო კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი თითოეულ
მექანიზმში, რაც სკოლის კონტექსტიდან გამომდინარე ჩამოყალიბდება“.
განათლების ექსპერტთა ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციით, გეგმას გეგმისთვის არ უნდა მიჰყვეს სასკოლო სისტემა, არამედ პირდაპირი კავშირი უნდა
არსებობდეს სწავლასა და ზგემ-ის
კონკრეტულ პუნქტებთან.
სკოლის კულტურას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მისი
მდებარეობა, სოციო-კულტურული გარემო. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. აქედან
გამომდინარე და ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ინდივიდუალურია ზოგადად საგანმანათლებლო
დაწესებულებათა, კონკრეტულად კი ჩვენი სკოლის ხედვა და მისია, რომელიც ორიენტირებულია
არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებაზე, არამედ იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რომელიც
მათ ცხოვრების მიზნის დასახვასა და მის მიღწევაში დაეხმარებათ. ამისთვის მნიშვნელოვანია
არა მხოლოდ კლასიკური საკლასო ურთიერთობის მოდელი, არამედ ის არაფორმალური გარემო,
რომელსაც სკოლა მოსწავლეთა მშობლებთან ერთად ქმნის. ეს ყოველივე კი ემსახურება მოზარდთა
სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, გარემოსადმი მათ დამოკიდებულებასა და ღირებულებების,
ფასეულობების განსაზღვრას.
ჩვენს ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში,
საგრძნობლად შეიცვალა სოციო-ეკონომიკური და კულტურული გარემო. „ამგვარი ტრანსფორმაცია,
პირველ რიგში, მოზარდი თაობის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაზე აისახება. სწორედ
ამიტომ, მნიშვნელოვანია, მათი ღირებულებათა სტრუქტურისა და დინამიკის გამოწვლილვითი
შესწავლა“ (ნინო ლომიძე, „თანამედროვე მოზარდების ღირებულებათა ორიენტაციის კვლევა“).
მოზარდთა მომავლს, პროფესიონალურ თუ სამოქალაქო ცნობიერების
დონეზე, ოჯახთან ერთად სკოლა განსაზღვარას. მოსწავლეთა აღზრდა-განათლების ერთგვარი
ინდიკატორია ის ლიტერატურული ძეგლები, რომელსაც ისინი სწავლობენ. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული
კი მე-12 საუკუნის ქართული ლიტერატურის მონუმენტური ძეგლი - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანია“.
ნაწარმოები თავისი თემატიკით, სიუჟეტითა თუ პოეტური მეტყველებით მნიშვნელოვან გავლენას
ახდენს ახალგაზრდა თაობის ინტერესებსა და დამოკიდებულებებზე, შეხედულებებსა თუ მორალურ
განვითარებაზე. თუმცა, ენის სირთულისა და ტექსტის მოცულობის გათვალისწინებით, ხშირად
მისი შესწავლა სასჯელად ექცევათ ხოლმე თაობებს.
რას წერენ შოთა რუსთაველსა და მის „ვეფხისტყაოსანზე“:
„... შოთა რუსთაველი არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის მწვერვალია, არამედ თავადაა ეს ლიტერატურა! ქართულ ლიტერატურაში მის გარეშე არაფერი ქმნილა! მხატვრული ლიტერატურის ფლაგმანი საქართველოში „ვეფხისტყაოსანია“, ხოლო მხატვრული ლიტერატურა ნებისმიერი განათლების მწვერვალია. ვინც ამ მწვერვალს ვერ ხედავს, ის მთელ მთასაც ვერ დაინახავს! ვინც ვერ ხედავს რუსთაველს, ის ვერ ხედავს განათლებას, ის ვერ ხედავს საქართველოს და ასეთი ადამიანი, პრინციპში, ძალიან ღარიბია“ (ლევან ბერძენიშვილი, „შოთას
განსაცდელი, ანუ ვეფხისტყაოსნის“ ლაბორატორია“).
„ვეფხისტყეოსნის
მხატვრული ძალმოსილება, ღრმა აზრი და დაუშრეტელი სიბრძნე გვაფიქრებინებს, რომ მისი
შექმნა ხელეწიფებოდა შემოქმედების ზენიტში მყოფ მგოსანს... „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის
ნამდვილი ხერხემალი და პოემის იდეური შინაარსის მთავარი ღერძია სიყვარული და ძმობა-მეგობრობა.
ადამიანის ღირსების ამამაღლებელი და მისი ცხოვრების დამამშვენებელი სიყვარული აცხოველებს
ადამიანის არსებაში პოტენციურად შთასახულ - ყველა სასიკეთო თვისებას. სიყვარული ალამაზებს
და აფაქიზებს ადამიანის ცხოვრებას, უნერგავს მას გმირულ სულისკვეთებას და საზ. მოვალეობის
გრძნობას უმავხილებს. მაგრამ შეუძლებელი იქნებოდა ბოროტებისგან შეჭირვებული სიყვარულის
გამარჯვება მეგობრული ერთგულებისა და ძმური თავდადების გარეშე“ (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია).
კოლეგებს საუბრისას ხშირად აღგვინიშნავს, რომ კვლავაც
პრობლემად რჩება ლიტერატურის სწავლების ძველი მეთოდი: მეტი დრო ეთმობა მხოლოდ ტექსტის
გაცნობას და არა მის სიღრმისეულ წვდომას. სამწუხაროდ, ამ მეთოდს დღესაც აქტიურად იყენებენ
პედაგოგები. კვლავ შეხვდებით ისეთ პედაგოგებს,
რომლებიც ნაწარმოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ამუშავებენ თემებზე - ქალთა სახეები, მეგობრობა, სიყვარული,
ფერები ვეფხისტყაოსანში... და ყურადღების მიღმა რჩება ნაწარმოების მთავარი სათქმელი,
იდეა, მორალურ-ესთეტიკური მხარე, მისი მხატვრული ღირებულება და თემათა აქტუალობა დღევანდელობასთან
მიმართებით.
პრობლემის შერჩევა
პრობლემის შერჩევა პრაქტიკის კვლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
საკითხია. სწორედ მან უნდა განსაზღვროს, მიზნიდან გამომდინარე, რა არის საკვლევი, როგორ
და ვინ შეირჩეს სამიზნე ჯგუფად. როგორ, რა გზებით ვიკვლიოთ ჩვენთვის საინტერესო, პრობლემური
საკითხი.
ჩემი დაკვირვება ეფუძნება მოსწავლეთა მიერ ძველი ქართული
ლიტერატურის ძეგლების სწავლებისას შექმნილ პრობლემებს გაგება-გააზრების თვალსაზრისით
თანამედროვე კონტქსტში. იმ მოზარდთა დაკვირვებას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელს
ქმნიან. და თუ რატომ უნდა სწავლობდნენ ისინი, მაგალითისათვის, „ვეფხისტყაოსანს“ ყველა
საფეხურზე (მე-5-დან მე-10 კლასის ჩათვლით), - თითქმის მთელი სასწავლო პერიოდის მანძილზე,
გახდა ჩემი დიაგნოსტიკური ტესტირების საფუძველი სსიპ - ქალაქ თბილისის #209 საჯარო
სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასებში.
როგორ
და რატომ უნდა ვასწავლოთ მოზარდებს „ვეფხისტყაოსანი“?
პრობლემის ზუსტად განსაზღვრის მიზნით ჩამოვაყალიბეთ
კვლევის მთავარი კითხვა:
რატომ
უჭირთ მოსწავლეებს ძველი ქართული წერილობითი ძეგლის - „ვეფხისტყაოსნის“ გაგება-გააზრება
თანამედროვე კონტექსტში?
მთავარმა შეკითხვამ განსაზღვრა როგორც საკვლევი თემა: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ნაწარმოების
თანამედროვე კონტექსტში გაგება-გააზრებაში „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების მაგალითზე, ისე
კვლევის მიზანი: მოსწავლეთა დახმარება
ძველი ქართული წერილობითი ძეგლის თანამედროვე კონტექსტში გაგება-გააზრებაში შოთა რუსთაველის
„ვეფხისტყაოსნის“ სწავლების კვალდაკვალ. და, მაინც,
„როგორია თანამედროვე ახალგაზრდობის ღირებულებათა სისტემა?
რას ემსახურება ზოგადი განათლება? როგორი ღირებულებების, ფასეულობების, უნარ-ჩვევებისა
და კომპეტენციების მქონენი არიან ადამიანები, რომლებიც საშუალო სკოლას ამთავრებენ?
ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი საკითხი და მუდმივი კვლევის
საგანია“ - ვკითხულობთ ნინო ლომიძის სტატიაში („თანამედროვე მოზარდების ღირებულებათა
ორიენტაციის კვლევა“).
კვლევის მიზნიდან გამომდინარე, მთავარ კითხვაზე პასუხის
გაცემას კვლევის დასკვნით ნაწილში შევეცდები.
დიაგნოსტიკური
კვლევა
დიაგნოსტირების ეტაპზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სამი კლასიდან (მე-10,
მე-11, მე-12) შეირჩა 21 მოსწავლე, რომელთაც დაურიგდათ კითხვარი (დანართი 1). კითხვარის
შედგენისას ვიხელმძღვანელე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებითა და ესგ-თი განსაზღვრულ
საშუალო საფეხურის სავალდებულო პროგრამით. ჩემი მიზანი იყო, განმესაზღვრა, რომელ ასაკობრივ
ჯგუფში მეწარმოებინა კვლევა და რომელი ნაწარმოების მაგალითზე. დიაგნოსტიკურ ტესტირებას
უნდა გამოეკვეთა, თუ რამდენად ჰქონდათ მოსწავლეებს გააზრებული ძველი ქართული ლიტერატურის
მნიშვნელობა თანამედროვეობასთან მიმართებით, რამდენად აცნობიერებდნენ საკუთარ როლს
თანამედროვე ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში.
როგორც მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, გამოკითხულ მოსწავლეთა
უმეტესობა რუსთაველის პოემას მიიჩნევს თანამედროვე ღირებულებათა კონტექსტში როგორც
მნიშვნელოვან, ასევე რთულად გასაგებ ნაწარმოებად. გადავწყვიტე, რომ კვლევა მეწარმოებინა
მე-10 კლასში, რომლის პროგრამა გულისხმობს ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების
(V-XVIII სს), მათ შორის „ვეფხისტყაოსნის“ მთელი ტექსტის შესწავლას; ფოკუსირებული დაკვირვებით
დამედგინა მათთვის საინტერესო, ამავე დროს, რთულად გასააზრებელი საკითხები. სწავლების
პროცესში აქცენტები გამეკეთებინა სამ საკვანძო, - პრობლემურ საკითხზე: თინათინის გამეფებაზე,
ტარიელისა და ავთანდილი სიყვარულის საგმირო საქმეებით განმტკიცებასა და ავთანდილის
თავგადასავალზე გულანშაროში; მათი საშუალებით დამედგინა, რას მისცემთ მოსწავლეებს ნაწარმოების
შესწავლა თანამედროვე კონტექსტში.
ჩემი აზრით, მათთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი თემების განხილვა,
პერსონაჟების, სიტუაციების სხვა თვალით შეხედვა (შესაბამისად, თანამედროვე კონტექსტში
გააზრება), და სტერეოტიპული მიდგომების ანალიზი დაფიქრების, ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებზე
პასუხის გაცემის საშუალებას მომცემდა.
სამიზნე ჯგუფი: სსიპ - ქალაქ თბილისის #209 საჯარო სკოლის
მე-10 კლასი, 16 მოსწავლე, მათ შორის - 7 გოგონა, 9 ვაჟი.
სასწავლო წლის პირველ სემესტრში (დიაგნოსტირების ეტაპზე)
ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამული ნაწილი ითვალისწინებდა ძველი ქართული ლიტერატურის
წერილობითი ძეგლების შესწავლას („შუშანიკის წამება“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“).
სასულიერო მწერლობის ენის სირთულისა და ფასეულობათა განსხვავებულობის (დღვანდელობასთან
შედარებით) გათვალისწინებით შევეცადე მათ დაინტერესებას; ისტორიულ კონტექსტში, თანამედროვეობასთან
კავშირში, მოქალაქეობრივ-ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა ჭრილში განვიხილავდით თითოეულ
ნაწარმოებს: ვისმენდით განსხვავებულ მოსაზრებებს, არგუმენტირებულ მსჯელობას, ვაჯამებდით
და ვაფასებდით თემას, თუმცა მოსწავლეებს მაინც უჭირდათ აღნიშნული ნაწარმოებების თანამედროვეობის
გადასახედიდან აღქმა. ჯერი მიდგა საერო მწრლობაზე.
რატომ შევარჩიეთ საკვლევ მასალად „ვეფხისტყაოსანი“
- მე-12 საუკუნის მონუმენტური წერილობითი ძეგლი?! ალბათ იმიტომ, რომ ისტორიული, ენობრივი
თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხთა გარდა, საინტერესოა ღირებულებათა და ფასეულობათა განსაზღვრის
თვალსაზრისითაც! კიდევ იმიტომ, რომ სპეციალისტების, კრიტიკოსების აზრით, ყველაზე რთულად
შესასწავლი, აღსაქმელი, გასააზრებელი სწორედ შოთა რუსთაველის პოემაა. კოლეგებთან არაერთგზის
გვისაუბრია იმ სიძნელეებზე, რასაც „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისას ვაწყდებით. პრობლემას
ქმნის როგორც მისი მოცულობა, ასევე დრო, რაც მისი სწავლებისთვის არის საჭირო. სწორედ
ამიტომ გადავწყვიტე, მეკვლია საკითხი, განმესაზღვრა ოპტიმალური დრო და გამომეყენებინა
მოსწავლეებზე მორგებული მეთოდები.
როგორ შეხვდებოდნენ 1662-სტროფიანი პოემის სწავლების
საკითხს 15-16 წლის გოგო-ბიჭები... როგორ შეაფასებდნენ ისინი როგორც მთავარი, ისე მეორეხარისხოვანი
პერსონაჟების ფიქრს, ქცევას, გადაწყვეტილებას... ამასთან, რას ფიქრობდნენ ისინი სამყაროს
მთავარ ღირებულებაზე - ადამიანზე, მის გრძნობებზე, ემოციებზე, ქმედებებზე „ვეფხისტყაოსნის“
წაკითხვამდე და როგორ იფიქრებდნენ მისი შესწავლის შემდეგ; მათი დამოკიდებულება ხომ
თანამედროვეობის სოციო-კულტურული განვითარების ერთგვარი ინდიკატორია და გარკვეულწილად
განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოების მოსალოდნელ ტენდენციებს. - ვეკითხებოდი საკუთარ თავს
და პასუხის მოლოდინში იმ ღონისძიებებზე ვფიქრობდი, რაც მიზნის მიღწევაში დამეხმარებოდა.
მოსალოდნელი შედეგები:
ვფიქრობ, აღნიშნული კვლევის შედეგად შესაძლებელი გახდება
პრობლემათა იდენტიფიცირება და მიზანმიმართულად დაგეგმილი ინტერვენციების შედეგად გაუმჯობესდება მოსწავლეთა მიღწევები, შეიცვლება
მათი დამოკიდებულება „ვეფხისტყაოსნის“, მისი გმირების, ავტორის მიმართ.
რთული და დამღლელი რომ არ ყოფილიყო სწავლების პროცესი, ტექსტზე
მუშაობის პარალელურად სხვადასხვა აქტივობებით, - როლური თამაშით, ანკეტირებით,
დისკუსიით ვცდილობდი მათთვის მოტივაციის შექმნას. რადგან საკითხი ეხება ნაწარმოების
თანამედროვე კონტექსტში გააზრებას, მოსწავლეებთან ერთად დავათვალიერე სახელმწიფო მუზეუმის
საგამოფენო დარბაზი, სადაც თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები იყო გამოფენილი „ვეფხისტყაოსნის“
თემაზე. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტუმრობამაც აამაღლა მათი განწყობა. არაფორმალურ
გარემოში - „ვეფხისტყაოსნის“ რუსულად მთარგმნელის, შალვა ნუცუბიძის სახლ-მუზეუმში სტუმრობით,
ოჯახისა და ცნობილი თარგმანის გაცნობით კიდევ
უფრო იზრდებოდა მათი ინტერესი, რაც დამეხმარებოდა მიზნის მიღწევაში.
მოსწავლეთა სურვილების, ინტერესებისა, და შესაძლებლობების
გათვალისწინებით შემუშავდა კვლევის გეგმა, რომელიც გზადაგზა ცვლილებას განიცდიდა, თუმცა
მიზანს არ ცდებოდა.
კვლევის გეგმა
კვლევის სანდოობის ხარისხის გაზრდის მიზნით, კოლეგებთან
კონსულტირების შედეგად, მონაცემთა შეგროვების მეთოდად გამოვიყენე როგორც რაოდენობრივი,
ისე თვისობრივი მეთოდები: დიაგნოსტიკური ტესტირება, ანკეტირება, ფოკუსირებული დაკვირვება.
მიზნის შესაბამისად დავამუშავე ის ინტერვენციული საშუალებები, რაც შედეგზე გასვლაში
დამეხმარებოდა. გამოვიყენე კითხვარი (ღია და დახურული შეკითხვებით), ასევე, დისკუსია
და ესე.
ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად,
მუშაობა დავგეგმე სამი - კითხვის, წერისა და ზეპირმეტყველების - მიმართულებით. ჩემთვის
მნიშვნელოვანი იყო, რამდენად შეძლებდა მოსწავლე
·
საკლასო დისკუსიაში მონაწილეობას
(ქართ.X.1);
·
სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების წაკითხვასა
და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას (ქართ.X.8);
·
პერსონაჟთა მიმართ საკუთარი დამოკიდებულების წერილობით
გამოხატვას; მსჯელობას, რა იყო მისთვის მისაღები და რა - არა; ავტორის თვალსაზრისის
გაკრიტიკებას ან გაზიარებას (ქართ.X.15).
ვინაიდან წინამდებარე კვლევა ეფუძნება მოსწავლეთა წინარე
ცოდნასა და გამოცდილებას, აქცენტირებულია ძველი ქართული - რენესანსის ეპოქის ლიტერატურული
ძეგლის, - „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლისას გაგება-გააზრებაზე და ორიენტირებულია მოსწავლეთა
შეხედულებათა სისტემის თანამედროვეობასთან მიმართებით ჩამოყალიბებაზე, ნაწარმოების
გაცნობამდე მოსწავლებს დავურიგე კითხვარი (დანართი 2).
პირველადი მონაცემების დამუშავებისას აღმოჩნდა, რომ
პირველი შეკითხვის პასუხებად, ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთაგან“,
მოსწავლეთა 28% - ტარიელს, 24% - ავთანდილს, 23% - ნესტან-დარეჯანს, 23% - თინათინს,
2% - ასმათს ასახელებს ფავორიტებად.
რეიტინგული ცხრილი
ასე გამოიყურება:
მეორე საკითხის
დამუშავებამ ნათელი გახადა ის, რომ გამოკითხულთა 65% პრიორიტეტად მიიჩნევენ სიყვარულს,
20% - მეგობრობას; დარჩენილი 15% ნაწილდება - ერთგულებასა (9%) და სიკეთეზე (6%). შედეგების
გრაფიკული გამოსახულება ასეთია:
კვლევის დიაგნოსტირების ეტაპზე კითხვარის ანალიზმა აჩვენა,
რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ პერსონაჟთაგან ტარიელი გამოარჩია, ხოლო თვისებათაგან - სიყვარული (თითქოს ეს ყველაფერი
ლოგიკურია. ვნახოთ, კვლევის დასკვნით ეტაპზე თუ შენარჩუნდება ეს მონაცემები).
„შეიძლება იკითხოთ, რას იძლევა ასეთს ეს მხატვრული ლიტერატურა, კერძოდ, ჩვენი მთავარი ძეგლიო. ამ კითხვას რამდენიმე პასუხი აქვს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს ძეგლი სხვისთვის თავდადებას, სიყვარულისთვის ბრძოლას, ბრძოლაში გამარჯვებას, ადამიანში ადამიანობის პოვნასა და სულიერი გაძლიერების სურვილს გვასწავლის! შეიძლება ვინმეს ჰგონია - სიყვარულს სწავლა რად უნდაო, მაგრამ ეს არ არის სწორი ფიქრი. ამქვეყნად არაფერს სჭირდება იმდენი სწავლა, რამდენიც სიყვარულს...“ (ლ. ბერძენიშვილი).
ნაწარმოების შესწავლის დაწყებისას მოსწავლეთა მოტივაცია
მაღალი იყო. ტექსტს ვკითხულობდით, პერიფრაზირებისას ვიშველიებდით განმარტებებს და თითოეული
თავის მთავარი სათქმელის ამოცნობას ვცდილობდით. განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებდით
მხატვრულ სახეებზე, - ლიტერატურულ ხერხებზე. პერსონაჟის გაცნობისას აქცენტებს ვაკეთებდით
მისი ხასიათის თვისებებზე, გარეგნულ იერ-სახეზე,
ქცევაზე და ბრძნულ გამონათქვამებზე - აფორიზმებზე.
მოქმედი პირები დავყავით მთავარ და მეორეხარისხოვან
პერსონაჟებად. გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება: პერსონაჟთა ხასიათის თავისებურება
და ქცევის მოტივი.
Ø დიდი დაინტერესება გამოიწვია თინათინის
გამეფების ეპიზოდმა. აქცენტები გაკეთდა ტექსტის კონკრეტულ ფრაზაზე: „ლეკვი ლომისა სწორია,
ძუ იყოს, თუნდა ხვადია“; მოსწავლეებმა თანამედროვეობასთან პარალელით გენდერული თანასწორობის
საკითხი განიხილეს.
Ø საგმირო საქმეებით სიყვარულის
განმტკიცებას მოითხოვს სამიჯნურო წესი. ავთანდილისა და თინათინის, ნესტანისა და ტარიელის
საგმირო დავალებათა პარალელურად მოსწავლეებმა დაწერეს ესე აღნიშნულ საკითხზე დღევანდელი
გადასახედიდან.
Ø მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია
ავთანდილის გულანშაროში მისვლამ და ნესტან-დარეჯანის გზა-კვალის ძიებამ. ფატმანის გამოჩენა
და მისი ინტიმური ურთიერთობა ტარიელის სწორუპოვარ მეგობართან განსჯისა და კამათის საგანი
გახდა.
Ø კითხვარმა - „მე-21 საუკუნის
ადამიანი მე-12 საუკუნის გადასახედიდან“ - საშუალება მომცა, გამეგო, ნაწარმობის პერსონაჟთაგან
- ვის როგორ აფასებდნენ, - ენდობოდნენ, მიბაძავდნენ, უერთგულებდნენ.
მონაცემთა ანალიზი
როგორც ტესტირების შედეგების ანალიზისას აღმოჩნდა,
ü ხასიათის თვისებათაგან მნიშვნელოვნად
მიიჩნევს სიყვარულს კვლევის მონაწილეთა
უმრავლესობა - 11 მოსწავლე, მეგობრობას - 3, ერთგულებას - 2, სიკეთეს
- 1;
ü მათთვის განსაკუთრებით
საინტერესოა ის პერსონაჟები, რომელთა სიყვერულის ისტორიაზეც აგებულია მთელი ნაწარმოები;
პირველადი
მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამიზნე ჯგუფის დიდი უმრავლესობა სწავლების ტრადიციული
მეთოდის გავლენის ქვეშაა, მათი მიდგომებიც ხშირად სტერეოტიპულია.
ინტერვენციები
I ინტერვენცია
პირველივე კითხვარმა საშუალება მომცა, განმესაზღვრა
მათი დამოკიდებულება საკვლევი საკითხის მიმართ, შესაბამისად, დავიწყეთ მუშაობა ტექსტზე.
„ვეფხისტყაოსანში“ ბუნებრივად, უშუალოდ და გამჭვირვალედ
აირეკლა ისტორიული საქართველოს ცოცხალი სინამდვილე თამარ მეფის დროინდელ საქართველოში
ქალის უფლებებისა და ღირსების საკითხი მოაზროვნე საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო
მოქცეული“ - ვკითხულობთ ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში.
„ჩემი ძე დავსვათ
ხელმწიფედ“ - მიმართავს როსტევანი სათათბიროს და ძედ თავის ერთადერთ
ასულს, თინათინს მოიხსენიებს.
თინათინის გამეფებას ეპიზოდის
სწავლებისას, დისკუსიის გამოწვევის ეტაპზე მაპროვოცირებელი შეკითხვით მივმართე მოსწავლეებს
(დანართი 3)
აფორიზმი „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“
ნიშნავს:
·
მე-12
საუკუნის საქართველოში გენდერული საკითხი აქტუალური იყო
თუ
·
სამეფო
ოჯახი იყენებდა თავისი უპირატეს უფლებას.
ცხარე კამათის ფონზე მიმიდნარე
დისკუსის პირველადი მონაცემების დამუშავებისას აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების
უმრავლესობა უპირატესობას მე-2 საკითხს ანიჭებდა.
აქტუალური თემის - „თინათინის გამეფება - ქალთა უფლებების
მაღალ ხარისხი თუ ერთადერთი გამოსავალი“ - ირგვლივ საუბრისა და აზრთა შეჯერების შემდეგ
მოსწავლეთა უმრავლესობამ სამეფო ოჯახის პრეროგატივა ერთადერთ, უალტერნატივო პასუხად
მიიჩნია და უმცირესობაში დარჩენილებს თავიანთი აზრის აღიარება შესთავაზა.
კოლეგებთან - სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგებთან
საუბარმა საშუალება მომცა დამეგეგმა ფოკუსირებული
დაკვირვება გაკვეთილზე, თემა კვლავ თინათინის გამეფება იყო.
დისკუსიის დაწყებამდე სამოქალაქო განათლების პედაგოგმა
მინი ლექცია ჩაატარა. მისმა საუბარმა სამართლებრივ-ისტორიულ-კულტურულ ჭრილში დააფიქრა
მოსწავლეები. დისკუსია გაგრძელდა. მსჯელობდნენ მშვიდად, არგუმენტირებულად, უსმენდნენ
ერთმანეთს. იზიარებდნენ სხვათა აზრს, ცვლიდნენ პოზიციებს.
მოსწავლეთა შეხედულებების გაანალიზებისას სურათი რადიკალურად
შეიცვალა: უმრავლესობის აზრით (75%), გენდერული თანასწორობის საკითხი მე-12 საუკუნის
რენესანსულ ქვეყანაში ისეთივე აქტუალური იყო, როგორც დღეს. კლასის უმცირესობის აზრით
(25%), სამეფო ტახტზე ქალიშვილის აყვანა მხოლოდ სამეფო ოჯახის პრეროგატივა იყო.
ინტერვენციის
შეფასება
აღნიშნული კვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა
უმრავლესობამ გენდერული თანასწორობის საკითხი მე-12 საუკუნეში მნიშვნელოვნად მიიჩნია;
მონაცემთა გაანალიზების შემდეგ დაგეგმილი ინტერვენციული ღონისძიებით, - საუბრებით გენდერული
თანასწორომის საკითხზე თემა ასე შეჯამდა: მოსწავლეების აზრით, ის აქცენტები, რაც მსოფლიოში
დღეს კეთდება, 9 საუკუნის წინ საქართველოში
პრიორიტეული იყო. გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხის ამგვარად დასმა
ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ჩვენს ცივილიზაციაზე მეტყველებს და ქვეყნის ღირებულებათა
და ფასეულობათა სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.
II ინტერვენცია
მოსწავლეებს შევთავაზე წერითი სამუშაო - ესე „მიჯნურობის
საგმირო საქმეებით განმტკიცება“ (დანართი 4):
სამიჯურო წესი საგმირო საქმეებით სიყვარულის განმტკიცებას მოითხოვს.
·
რა
საგმირო დავალება მისცა თინათინმა ავთანდილს? ნესტანმა - ტარიელს?
·
იმსჯელეთ დღევანდელი გადასახედიდან ამ კონკრეტულ საკითხზე.
მონაცემთა ანალიზმა ცხადყო, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა
65% ავთანდილისა და თინათინის ურთიერთობასა და მათ სამიჯნურო-საგმირო საქმიანობას აფასებს
დადებითად, ხოლო 35%-ს ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის საგმირო-სამიჯნურო საქმეებს მიიჩნევს
მისაღებად ამ გადასახედიდან.
სიყვარულისთვის ჩადენილი გმირობა ყველა ეპოქისთვისაა
დამახასიათებელი. რას მიიჩნევდნენ ღირებულად ადამიანები 9 საუკუნის წინათ და რას მიიჩნევენ
ახლა, 21-ე საუკუნეში.
მოსწავლეების თქმით,
„დღეს გმირობა,
მიჯნურისთვის ჩადენილი საგმირო საქმე, ზოგჯერ, ყოველგვარ ეთიკურ ნორმას სცილდება. მეტიც,
ხშირად კანონის დარღვევას არ ერიდებიან და დანაშაულებრივ ქმედებებსაც კი სჩადიან. ამის
არაერთი მაგალითი ვიცით დღეს საქართველოში“.
მათივე აზრით,
„ტარიელის მიერ
ხატაელთა დამარცხება, ხვარაზმშას შვილის მოკვლა აძლიერებს და განამტკიცებს ნესტან-დარეჯანისა
და მის სიყვარულს“;
„ავთანდილს თავისი
და თინათინის სიყვარულის სამსხვერპლოზე მიტანა დასჭირდა მეგობრის გასაჭირის გაზიარებისას,
ტარიელის ცხოვრების აზრისა და არსის დასაბრუნებლად. ავთანდილი გმირია!“.
ინტერვენციის
შეფასება
მოსწავლეებს დასაწყისში გაუჭირდათ იმის გაგება, რომ
ჯერ უცხო მოყმის საძებრად, შემდეგ მის დასახმარებლად წასული სპასპეტი ავთანდილი წლობით
ტოვებს სამეფოს და თავის მიჯნურს. თუმცა იმის გააზრებამ, რომ გასაჭირში მყოფი ადამიანის
დახმარება საღვთო საქმეა, გაუმარტივათ ავთანდილის ქცევის მოტივის გაგება.
რაც შეეხება ტარიელს; ნესტანისთვის (რომელიც გაბრაზებისას
„პირგამეხებულ ვეფხს“ ემსგავსება), უპატიებელია მიჯნურის დუმილი მის გათხოვებაზე საუბრისას,
თუმცა, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათ სიყვარულის გაუთქმელობის ფიცი აქვთ დადებული.
ამიტომაცაა, რომ ტარიელი თათბირზე დუმს.
ნესტანი და ტარიელი ერთადერთ გამოსავალს სასიძოს მოკვლაში
ხედავენ. სამართლიანად მიაჩნიათ მისი მოკვლა იმ მოტივით, რომ
„ქმნა მართლისა
სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“...
მართალია, უკეთესი გამოსავალი იმ მომენტში არ არსებობდა,
მაგრამ უდანაშაულო კაცის მოკვლის გამო ისინი მაინც ისჯებიან ხანგრძლივი განშორებითა
და ათასი განსაცდელით. ტარიელი სატრფოს ნახვის იმედს კარგავს, მანამ, სანამ ავთანდილი
- გონიერი, ღონიერი, სულიერად ამაღლებული, ღვთისმოსავი და შორსმჭვრეტელი - არ შეძლებს
მის ცხოვრებისკენ შემობრუნებას.
მოსწავლეების აზრით,
„სამიჯნურო-საგმირო
საქმეებში თანადგომა უმნიშვნელოვანესია...“
„ადამიანს რწმენაში
გამტკიცება სჭირდება, როგორც ღვთის რწმენაში, ისე საკუთარი თავის და თუ ისეთი ადამიანი
გყავს გვერდით, რომელიც მოტივაციასა და თვითშეფასებას აგიმაღლებს, მტერიც ვერას დაგაკლებს
და ცხოვრებასაც აქვს აზრი“.
III ინტერვენცია
ამ ეტაპზე ანკეტირების ჩატარება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა
განწყობისა და შეხედულებების განსაზღვრას (დანართი 5). ანკეტირებაში მონაწილეობდა
13 მოსწავლე.
ანონიმურმა გამოკითხვამ - „21-ე საუკუნის ადამიანი მე-12
საუკუნის გადასახედიდან“ - როგორც ზემოთ აღვნიშნე, საშუალება მომცა, გამეგო: ნაწარმობის
პერსონაჟთაგან ვის როგორ აფასებდნენ.
ანკეტა შედგებოდა 8 შეკითხვისაგან და ორ-ორი დახურული პასუხისგან - კი/არა.
კლასს
ანკეტირებამდე შევთავაზე როლური თამაში. 5 წუთით თითოეული მოსწავლე უნდა ყოფილიყო ის
პერსონაჟი, რომელიც კითხვარში გააკრიტიკა, მასთან მეგობრობა არ ისურვა, მართვის სტილი
თუ სტრატეგია დაუწუნა, ომში არ გაჰყვა... გმირის როლში შესულს უნდა გაეცნო თავი აუდიტორიისთვის,
ესაუბრა თავის ცხოვრებაზე, ქცევის მოტივზე, გადაწყვეტილების მიღებისა და საქმის მისებურად
კეთების აუცილებლობაზე.
თამაშის
მიზანი იყო მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ პოემის პერსონაჟები, მოერგოთ მათი როლი, თუნდაც
5 წუთით მათი ცხოვრებით ეცხოვრათ, გაეაზრებინათ მათი გადაწყვეტილებები, გაეზიარებინათ
შეხედულებები.
აქტივობის
განხორციელებამ ცხადყო, რომ მოსწავლეები არგუმენტირებულად, საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე
აფასებდნენ მოქმედ პირებს, მეტიც, ემპათიას განიცდიდნენ პერსონაჟების მიმართ.
მონაცემთა ანალიზმა აჩვენა რომ:
·
ომში
ტარიელთან ერთად იბრძოლებდა 7 მოსწავლე;
·
პასუხისმგებლობით ავთანდილს მიბაძავდა - 10;
·
ასმათთან იმეგობრებდა - 9;
·
როსტევანის მსგავსი მმართველი იქნებოდა - 8;
·
სათნოებით თინათინს მიბაძავდა - 6;
·
სიყვარულში ნესტანს შეედრებოდა - 6;
·
ფატმანის ქველობით ისარგებლებდა -3;
·
შერმადინის ერთგულებას დააფასებდა -12.
სქემატურად ანკეტირების შედეგები ასე გამოიყურება:
ინტერვენციის
შეფასება
აღნიშნულმა ინტერვენციამ, რომლის მიზანიც მოსწავლეთა
განწყობისა და დამოკიდებულებათა დადგენა იყო, ერთი შეხედვით ლოგიკური შედეგი დააყენა.
მოსწავლეები სიმპათიას გამოხატავენ შერმადინისა და მისი პატრონის - ავთანდილის მიმართ,
თუმცა პირველის უპირატესობა აშკარაა. გამოკითხულთა უმრავლესობას მოსწონს როსტევანიც,
- ბრძენი, ქველი მმართველი; ტარიელთან ბრძოლაზე გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტი
აცხადებს თანხმობას. მეგობარზე გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს ასმათს. ნესტან-დარეჯანსა
და თინათინს აბსოლუტურად ერთნაირად აფასებენ მოსწავლეები. რაც შეეხება ფატმანს, მისი
რეიტინგი ძალზე დაბალია.
IV ინტერვენცია
მოსწავლეთა
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ავთანდილის გულანშაროში მისვლამ და ნესტან-დარეჯანის
გზა-კვალის ძიებამ. ფატმანის გამოჩენა და მისი ინტიმური ურთიერთობა ავთანდილთან - სწორუპოვარ
მეგობართან - განსჯისა და კამათის საგანი გახდა. მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა
ფატმანს უწესო ქალად მიიჩნევდა; სულ ცოტა ნის წინ, მეგობრისთვის თავდადებულ ავთანდილს
გმირად რომ სახავდნენ, ახლა თინათინის ღალატში სდებდნენ ბრალს.
„ავთანდილი მოღალატეა!“...
„მე ვერ ვაპატიებდი!“... „კაცია, ეპატიება!“... „ფატმანი უღირსად იქცევა“... ქმარიც
ჰყავს, საყვარელიც და ახლა ავთანდილს ეკურკურება“, „უწესო ქალია“
- უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ ბავშვები.
განწყობის შესაცვლელად და სიტუაციის სხვა თვალით შესახედად
მოსწავლეებს წერით დავალებად მივეცი ცნობილი ნ. მაკიაველის გამონათქვამი (დანართი
6) -
„მიზანი ამართლებს
საშუალებას“ შესაბამისი მითითებებით:
Ø როგორ აფასებთ ავთანდილის
საქციელს ფატმანთან მიმართებით“;
Ø იმსჯელეთ,
თქვენ როგორ მოიქცეოდით.
დავალების შესასრულებლად განვსაზღვრეთ გონივრული დრო
და პრეზენტაციის დღეც დავთქვით.
დავალების წაკითხვისას კატეგორიული ტონი შეურბილდათ,
მათი შეხედულება და პოზიცია ნელ-ნელა იცვლებოდა. კრიტიკულად განწყობილთა რიცხვის საგრძნობლად
შემცირდა. ჩანს, ცნობილმა გამონათქვამმა დააფიქრა ისინი.
განსაკუთრებით ავთანდილის მიმართ იყვნენ ლოიალურები:
„ავთანდილი მეგობრის
დასახმარებლად მოქმედებს“... „სიტუაციიდან გამომდინარე, სხვაგვარად ვერ მოიქცევა“...
„მიზანი ამართლებს საშუალებასო, მე კი არა, თვით მაკიაველმა თქვა“... „მეგობრის დასახმარებლად
რას არ იზამს კაცი“...
ფატმანსაც გამოუჩნდნენ დამცველები:
„კი არ გაბოროტდა,
დახმარების ხელი გაუწოდა“... „საფრთხეს არ ერიდება და ნესტანის დასახმარებლად არაფერს
იშურებს“... „ჭკვიანი ქალია, კეთილი“...
საკუთარი შეხედულების დაცვას ახლა უკვე განსხვავებულ
კონტექსტში ცდილობდნენ მოსწავლეები.
წერითი დავალების შესრულების შემდეგ მათი შეცვლილი შეხედულებების
გრაფიკული ანალიზი ასეთია:
სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად ორი საგნის
ინტეგრირებით მოვახდინეთ ცოდნის ტრანსფერი თანამედროვე რეალობასთან.
ფატმანზე საუბრისას მოვაწყეს იმიტირებული სასამართლო
- „ცხელი სკამი“, რომელზეც „ფატმანი“ დასვეს და მისმა „მომხრეებმა“ ყველაზე რადიკალურად
განწყობილ მოსწავლეებს სთხოვეს „დამნაშავის“ უფლებების დაცვა.
დაცვის მხარემ სამოქალაქო განათლების კარგი ცოდნა გამოამჟღავნა.
მაღალკვალფიციურად შეასრულეს მოვალეობა და თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფის გასამართლებლად,
ღირსების აღსადგენად საქართველოს კონსტიტუციის მუხლებიდან (მე-19, მე-20) მოიხმეს კონკრეტული
პუნქტები:
·
ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა
და რწმენის თავისუფლება;
·
ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება... ხელშეუხებელია.
ინტერვენციის
შეფასება
იერარქიულად
ყველაზე მაღლა მდგომი საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტული ადგილების ციტირებით მოსწავლეთა
განწყობა და შეხედულება რადიკალურად შეიცვალა. ემპათიურნი გახდნენ. ყველა მათგანმა
აღიარა, რომ ცდებოდა, როცა პიროვნების ინტიმურ ცხოვრებას აფასებდა და სხვას ვერაფერ
ამჩნევდა. მოსწავლეთა აზრით,
„აქცენტირება
ფატმან ხათუნის პირად, ინტიმურ ცხოვრებაზე მიზანშეწონილი არ არის; იგი არ ერიდება საფრთხეებს
და ყოველგვარი სასყიდლის გარეშე, უანგაროდ ეხმარება ნესტან-დარეჯანს; უფრო მეტიც, გაიგებს
რა ავთანდილის მიზნის შესახებ, შურისძიების ნაცვლად კვლავაც განაგრძობს დახმარებას,
- ერთად ეძებენ გზას ნესტანის დასახსნელად. ეს სიკეთისა და გუნდურობის კარგი მაგალითია.
თანამედროვე ცხოვრებაში ასეთი ადამიანები ცოტანი არიან“.
რაც შეეხება ავთანდილს,
ნ. მაკიაველის სიტყვებმა სხვაგვარად დააფიქრა მოსწავლეები: „მორალური კანონით ნაკარნახევი
ქმედებით არაერთ საფრთხეს გადაყრილი ავთანდილი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, უბადლო
მეგობარი და ერთგული მიჯნურია. მიზნის შედეგად ქცევის გზაზე მას არ აკნინებს ფატმანთან
ურთიერთობა, არ ბღალავს მის წმინდა გრძნობას თინათინის მიმართ; რადგან მიზანი უზენაესია
- გასაჭირში მყოფი, შეყვარებული ადამიანების დახმარება“.
ინტერვენციის შედეგის გაზომვის მიზნით მოსწავლეებს დავურიგე
ფერადი, წებოვანი ფურცლები, რომელზეც ისინი პოემის პერსონაჟებისთვის დამახასიათებელ,
მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან თითო თვისებას დაწერდნენ. მონაცემები შევაგროვეთ და ანკეტის
სახე მივეცთ. შემდეგ ვთხოვე, დაეხარისხებინათ და დაელაგებინათ რეიტინგის მიხედვით
- მნიშვნელოვანიდან ნაკლებად მნიშვნელოვანისკენ (დანართი 7).
მონაცემთა ანალიზის შედეგების რეიტინგული სია ასეთია:
I - ურთიერთპატივისცემა
II - სიყვარული
III - ერთგულება
IV - პასუხისმგებლობა
V - გუნდურობა
VI - მიზანსწრაფულობა
VII - სტრატეგია
მოსწავლეთა შეხედულებებმა, ვეფხისტყაოსნის გმირებისა
და მათი აზრით მნიშვნელოვანი თვისებების რანჟირებამ მაფიქრებინა, რომ მათ საკუთარი
თავი ამოიცნეს პოემაში, რომ „ვეფხისტყაოსანი“ მათთვის რეალური სამყაროა, მარად თანამედროვე,
ცოცხალი წიგნია.
შედეგების გაზომვა
ჩატარებული ინტერვენციების შემდეგ გადავწყვიტე, სხვა
ნაწარმოების საშუალებით გამეგო, როგორ იაზრებდნენ მოსწავლეები ტექსტებს თანამედროვე
კონტექსტში.
„...ლიტერატურის
მოყვარულ კაცს განსაცდელში გამოგონილი
სამყარო ამოუდგება გვერდში და რაც უფრო
ახლოა ეს გამოგონილი სამყარო
მის ბუნებასთან, მით უფრო ქმედითი,
ეფექტიანია მისი დახმარება. როდესაც
გაგიჭირდება, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ის ძეგლი დაგეხმარება,
რომელიც ყველაზე მეტადაა ახლოს შენს სულიერ წყობასთან.
ანუ, განსაცდელში ჩვენი მთავარი დასაყრდენი „ვეფხისტყაოსანია“!“ (ლ. ბერძენიშვილი).
სწორედ ამ
დასაყრდენის წყალობითაა, რომ შეგვიძლია
გავუგოთ დავით
გურამიშვილს, გავიაზროთ
მისი ვნებანი,
ამოვხსნათ მისი
სიყვარულის საიდუმლო,
მისი უბედობის
თანამოზიარენი გავხდეთ
და ვირწმუნოთ,
რომ „სწავლა
სიკვდიმდე შენია...“
„დავითიანის“ პირველი ნაწილის,
- „ქართველთ უფალთა
მეგვარტომეობის იგავის“
პირველივე სტრიქონების წაკითხვისთანავე -
„ღმერთო, რომელსა
გაქონან არსისი საყდართა ჯდომანი,
რომელმან მოეც
მიჯნურთა ტრფიალთ სურვილის ნდომანი...“
„საფუძველი არს
ყოველთა დაუსაბამო პირველი,
მამა ყოვლის მპყრობელი,
ცათა და ქვეყნის მჭირველი...“
მოსწავლეებს შოთას
„ვეფხისტყაოსანი“ გაახსენდათ. ნაწარმოების პროლოგი და მთელი ტექსტი, რომელსაც ლაიტმოიტივად
გასდევს ღვთის სათნო, სადიდებელი სტრიქონები:
„რომელმან შექმნა
სამყარო ძალითა მის ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი
სულითა, ყვნა ზეცით მონაბერითა...“
„ჰე, ღმერთო ერთო,
შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე
ძლევა მეც დათრგუნვა მე სატანისა...“
...
„რაცა ღმერთსა
არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების...“ - ანდერძით შეჰბედავს ავთანდილი მეფე როსტევანს
და მოძმის საშველად უდრტვინველად მიეშურება.
...როცა მარტო ვერ უმკლავდები უბედურებას, ავთანდილი მოდის
შენს შესახიდებლად... შენს ნაცვლად იწყებს მოქმედებას, აშენებს შენს სულიერ გალავანს,
გამზადებს თავდაცვისათვის, გაძლებისათვის, უბედურების გადატანისა და საბოლოო გამარჯვებისთვის...
ის ავთანდილი, რომელსაც სწამს უზენაესის ძალმოსილების!
ასე შეეხიდნენ და დაეხმარნენ „დავითიანის“ ავტორს შოთას
პოემის პერსონაჟები: ზოგი ცოდნით, ზოგი ცხოვრებისეული გამოცდილებით; ზოგი სულიერი და
ფიზიკური სიძლიერით; ზოგი ნებისყოფით და მოძმის გატანის, ზოგიც ადაპტაციისა და კომუნიკაციის
არაჩვეულებრივი უნარით.
„ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომცა დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;
არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,
ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნთ მოიხმარების“.
ამ სტროფის შესწავლისას პარალელების დაძებნა აღარ გასჭირვებიათ
მოსწავლეებს. კლასის ნაწილმა კვლავ ავთანდილი მოიხმო ცოდნითა და მისი კრიტიკულ სიტუაციებში
გამოყენების უნარით. დაასახელეს მისი განსწავლულობა
და ყველა ის სიტუაცია, სადაც მან არაჩვეულებრივი გამოსავალი იპოვა. ტარიელის სიძლიერე,
მისი არისტოკრატიული წარმომავლობა და ახოვანება, ემოციური ხასიათი და მგრძნობიარე ბუნება
მოსწავლეთა სიმპათიას პოემის ფინალში - ქაჯებზე გამარჯვებისა და ნესტან-დარეჯანის გამოხსნის
ეპიზოდში - იმსახურებს. ცოდნითა და გამოცდილებით
შეჯერებული ქაჯეთის ციხის აღების გეგმის წარმოდგენით ტარიელი სწორუპოვარ რაინდად წარმოგვიდგება.
ნაწარმოების მთავარი სათქმელიც აქ ჟღერდება:
„ბოროტსა სძლია კეთილმან
არსება მისი გრძელია“ .
სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებაა ცხოვრების მთავარი აზრიც.
ის შეხედულება, ფასეულობა, რომელიც საუკუნეების წინ დაამკვიდრა რუსთველმა დღესაც აქტუალურია
და იმავე ძალით მოქმედებს სამყაროზე, ადამიანებზე, მათზე, ვისაც შოთა რუსთაველი და
მისი უკვდავი პოემა ესმის და უყვარს.
მოსწავლეთა აზრით, სწორედ „ვეფხისტყაოსანი“ იქცა დ. გურამიშვილის
მუზად და შთაგონების წყაროდ. მისი პირმშოს, - „დავითიანის“ საზრისად და სათქმელად.
პოეტისა და პოემის სიყვარულითა და სიბრძნით
გაჯერებულმა დავითმა შეძლო ტყვეობიდან თავის დახსნა, გადაიტანა სამშობლოსაგან
სიშორე, ღვთის სადიდებლითა და სამადლობელით განვლო წუთისოფელი, თუმც ტრაგიკულ ბედდაყოლილმა
ცხოვრება უცხოობაში დაასრულა.
ბოლო აქტივობა,
რაც შეაჯამებდა წინამდებარე კვლევას, შედეგების
გაზომვისა და დასკვნის საშუალებას მომცემდა, იყო დავალება; მოსწავლეებს უნდა დაესახელებინათ
აფორიზმი/სხარტული გამონათქვამი, რასაც ცხოვრების დევიზად გაიხდიდნენ (დანართი 8):
v „რაცა
ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“;
v „ლეკვი
ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“;
v ზოგჯერ
თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“;
v სჯობს
სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“;
v „სჯობს
სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი“;
v „სხვა
სხვისა ომსა ბრძენია“;
v „მტერი
მტერსა არას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს“;
v „ბოროტსა
სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“;
v „ოდეს
კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უნდა ძმა და თვისი“;
v „გველსა
ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი“;
v სიცრუე
და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“;
გადავწყვიტე,
მათი ნამუშევრების პრეზენტაცია მომეწყო, რათა საკუთარი ნააზრევი ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ.
§ „ხშირად ცხოვრებაში ისეთი სიტუაციებია,
რომ სჯობს არ შეაფასო მოვლენები, გაჩუმდე.
სათქმელი ნახატით, ან მუსიკით გადმოსცე... თუმცა, ართქმითაც შეიძლება დაშავდეს
რამე. თანაც საკუთარი აზრის დაფიქსირება მეტად თავდაჯერებულს გხდის“.
§ „ყველაფერი წარმავალია... ამქვეყნად,
ჩვენი წასვლის შემდეგ, მხოლოდ სახელი და ჩვენი გაკეთებული სიკეთე დარჩება“...
§ „ადამიანს საკუთარ თავზე დიდი მტერი
არ ჰყავს... რაც შეიძლება ჩემს თავს გავუკეთო,
იმას სხვა ვერასოდეს მიზამს, ვერ მავნებს... ძალიან გავფრთხილდები, რომ მხოლოდ კარგი
შევამთხვიო თავსაც და სხვასაც“.
§ „სამყაროში არსებობს ორი ძალა: ბოროტება
და სიკეთე. სიკეთის არსება უფრო „გრძელია“... ბოროტებას მხოლოდ სიკეთე-სიყვარული, მოყვასის
ერთგულება, მისთვის თავდადება, სამართლიანობისკენ სწრაფვა ამარცხებს“.
§ „ეს აფორიზმი ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების გზაზე.
კარგი ურთიერთობის დამყარება რთულია. გონივრული საუბრით კი ადამიანს ბევრ საშენოდ მოაქცევ...“.
§ „ყველაზე იოლი სხვისი გაკრიტიკება,
სხვითვის რჩევის მიცემაა... ძნელია, სხვის მდგომარეობაში ჩადგე, კრიტიკულ სიტუაციიდან
გამოსავლის მოძებნა მოყვასის დაუხმარებლად შეუძლებელია“.
§ „...როდესაც კაცს გაუჭირდება, მაშინ
ახსენდება თავისი ძმა, ახლობელი ადამიანი. გასაჭირის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.
ისე უნდა იცხოვრო, მხოლოდ გაჭირვებაში არ გაიხსენო შენი ერთგული ადამანები... საჭიროების
შემთხვევაში შენი თანადგომა გამოხატო მათ მიმართ“.
§ „ეს არა მხოლოდ აფორიზმია, არამედ
თითოეული ადამიანის ცხოვრების აზრი. ადამიანი უნდა ეცადოს, მთელი სიცოცხლე პატიოსნად
გაატაროს... როდესაც ადამიანი ცრუობს, სულიერად ეცემა, კარგავს საკუთარი თავის რწმენას,
შემდეგ კი გავლენას საზოგადოებაში. საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა ხომ ყველაზე დიდი
ნიჭია, რომელსაც სიმართლით, სიკეთით, პრინციპულობითა და პატიოსნებით შეძლებ“.
იმედად, შემწედ და დაბრკოლებათა გადამლახავად მესახება
მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის „ვეფხისტყაოსანი“. და თუ გონივრულად ორგანიზებული, გამოგონილი სამყარო ცხოვრებაში
ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად ექცევათ მოსწავლეებს, განსაცდელის პირისპირ მარტოდ დარჩენილები გაუძლებენ, გადაიტანენ და ფეხზე მყარად დადგომას შეძლებენ,
ადამიანს არა მარტო დაწერილი, არამედ დაუწერელი - მორალური კანონებითაც შეაფასებენ
და სწრაფად ცვლადსა და განვითარებად სამყაროს თვალს თამამად გაუსწორებენ.
დასკვნა
ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის
სხვადასხვა ფორმით, სწორად მიწოდება მოსწავლეს უმაღლებს მოტივაციას; ტექსტის სრულფასოვნად
გააზრების შემდეგ მოსწავლე თავისუფლად ახერხებს მიღებული ცოდნის ტრანსფერს თანამედროვეობასთან,
იაზრებს საკუთარ პაუხისმგებლობას ოჯახის, ქვეყნის ინტერესებისა და ტრადიციებისა მიმართ; მოსწავლისთვის გასაგები გახდა „ვეფხისტყაოსნის“
ფუნდამენტური ღირებულებები: მეგობრობა, სიყვარული, ერთგულება, თანადგომა, მიზანისკენ
სწრაფვა.
კვლევის მიგნებები
მოსავლეებთან მუშაობისას გამოიკვეთა რამდენიმე ყურადსაღები
მიგნება:
·
„ვეფხისტყაოსანი“ მათ სხვა ნაწარმოებების გააზრების
ინსტრუმენტად აქციეს;
·
პერსონაჟის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენამ გაზარდა
მათი ემპათია;
·
დაასკვნეს, რომ არსებობს მარადიული, წარუვალი ღირებულებები;
·
შოთა რუსთაველის ღირებულებები საკუთარ ღირებულებებად
გაიხადეს;
·
ამოიცნეს და რეალურად შეაფასეს საკუთარი სუსტი და ძლიერი
მხარეები.
მოსწავლეებთან მუშაობა როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ
გარემოში, მათთან ურთიერთობა და სხვადასხვა აქტივობების მათი ინტერესის გათვალისწინებით
დაგეგმვა დამეხმარა მიზნის მიღწევაში. „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლამ თითქოს ერთიორად
გაზარდა ისინი: გახდნენ მეტად ტოლერანტულები, მიმღებლები, თავდაჯერებულები, ემპათიურები.
ნაწარმოების მთავარი სათქმელის ამოცნობა, იმ ღირებულებათა განსაზღვრა, რასაც გვასწავლის
შოთას „ვეფხისტყაოსანი“, და თანამედროვე ცხვრებაში გადმოტანა იყო ის მნიშვნელოვანი
მიგნება, რასაც მთელი ნაწარმოების შესწავლა და საკვანძო, პრობლემურ საკითხებზე ყურადღების
გამახვილება დასჭირდა.
რეკომენდაცია
აღნიშნული კვლევით
რეკომენდაციას ვაძლევ
·
ქართული
ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს, „ვეფხისტყაოსანი“ გამოიყენონ ერთგვარ ინსტრუმენტად
მოსწავლეებში ფასეულობებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში;
·
ქართული ენისა და ლიტერატურის
კათედრას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის სწავლებას
თანამედროვე კონტექსტში;
·
სკოლის ადმინისტრაცია, ხელი შეუწყოს „ვეფხისტყაოსნის“
კვირეულის მოწყობას, რაც აამაღლებს მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერებას, ხელს შეუწყოს
სკოლას ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში.
რეფლექსია
კვლევის თემიდან გამომდინარე, მიზნის მიღწევაში დამეხმარა
კარგად დაგეგმილი ინტერვენციები. განსხვავებული ფორმატით მოსწავლეებისთვის შეთავაზებულმა
აქტივობებმა მათი მოტივაცია აამაღლა. ტექსტის შესწავლის პარალელურად, საკვანძო, პრობლემური
საკითხების განხილვამ როლური თამაშითა და იმიტირებული სასამართლოთი, მოსწავლეთა მოქალაქეობრივი
პასუხისმგებლობა ერთიორად გაზარდა. საზოგადოებრივი კათედრის, განსაკუთრებით სამოქალაქო
განათლების პედაგოგის ჩართულობით განხორციელებულმა ინტერვენციამ მოსწავლეთა შეხედულებების
სწორად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ნაწარმოების თანამედროვე კონტექსტში გააზრებისთვის
არაფორმალური გარემო ეფექტურად გამოვიყენე. სამოქალაქო კომპეტენციის გაძლერების მიზნით,
გარდა ინტერვენციებისა, დავგეგმე და განვახრციელე მუზეუმში, სახლმუზეუმში, ხელნაწერთა
ეროვნულ ცენტრში ვიზიტი. თანამედროვე მხატვართა მიერ წარმოსახულმა „ვეფხისტყაოსნის“
სამყარომ მათი ინტერესი გააძლიერა.
ჩემი მოლოდინი გამართლდა. თითოეულმა მოსწავლემ, შესაძლებლობის
გათვალისწინებით, სწორად გაიაზრა როგორც ნაწარმოების იდეა, ისე თითოეული პერსონაჟის
ხასიათის თვისება და ქცევის მოტივი. ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეცვალეს ზოგიერთი
პოზიცია, დაამსხვრიეს სტერეოტიპები. შეძლეს ნაწარმოების თანამედროვე კონტექსტში გაგება-გააზრება,
რაც სხვა ნაწარმოების საშუალებით გავზომეთ.
სირთულეს წავაწყდი ტექსტის იმ ნაწილის შესწავლისას,
სადაც სიუჟეტური ხაზი ირღვევა. დროში მოგზაურობის სიმულაციური მეთოდით შევძელი მათთან
ერთად სიუჟეტური ქარგის დადგენა. აგრეთვე სირთულე იყო ინტერვენციის ეტაპის გაგრძელება,
რაც მეტ დროს მოითხოვდა, ვიდრე დაგეგმილი მქონდა. სხვა კლასში ამავე თემაზე მუშაობისას
მეტ ყურადღებას დავუთმობ მხატვრულ ხერხებს - ტროპული მეტყველების სახეებს სათქმელის
უკეთ გადმოცემის თვალსაზრისით. ასევე, ვიმუშავებ ტექსტის თანამედროვე კონტექსტში ანალიზსა
და შეფასებაზე.
როგორც მასწავლებელს, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევამ
დიდი გამოცილება შემძინა. სხვა თვალით დამანახა სწავლა-სწავლების პროცესი. სხვაგვარად
შევხედე დროის განაწილების საკითხს. საბოლოო შედეგმა კი დამარწმუნა იმაში, რომ მოსწავლეებთან
ერთად, მათი აზრის გათვალისწინებით დაგეგმილი აქტივობები მათში მიკუთვნებულობის განცდას
იწვევს, მათ ჩართულობას ერთიორად ზრდის და სწავლებისადმი ინტერესს აძლიერებს - რაც,
ისევდაისევ, აისახება შედეგზე.
გამოცდილების
გაზიარება
კვლევის კვალდაკვალ, მუშაობის პარალელურად კათედრაზე
კოლეგებს ვუზიარებდი გამოცდილებას. ვიღებდი უკუკავშირს თითოეული ინტერვენციის განხორციელებისა
და შეფასების შემდეგ.
რაც შეეხება კვლევის საბოლოო ვერსიას, მოვიწვიე კათედრისა
და შეფასების ჯგუფის წევრები, ასევე კლასის დამრიგებელი, დირექტორის მოადგილე (სამოქალაქო
განათლების მასწავლებელი) და ყველა დაინტერესებული პირი. Power Point-ით წარდგენილი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვუპასუხე
დასმულ შეკითხვებს, რომელიც, ძირითადად, მიზნის განსაზღვრას, კვლევის გეგმის შედგენას,
ინტერვენციების დაგეგმვასა და რეკომენდაციებს შეეხებოდა.
ბიბლიოგრაფია
1. „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, სამწუხაროდ, მეორეხარისხოვანი დოკუმენტია და მასზე სწორება არ ხდება“, ც. შერგილაშვილი, 2017 წ.
1. „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, სამწუხაროდ, მეორეხარისხოვანი დოკუმენტია და მასზე სწორება არ ხდება“, ც. შერგილაშვილი, 2017 წ.
https://edu.aris.ge/news/zogadi-ganatlebis-erovnuli-miznebi-samwuxarod-meorexarisxovani-dokumentia-da-masze-sworeba-ar-xdeba.html
(edu.aris.ge);
2. შოთას განსაცდელი, ანუ ვეფხისტყაოსნის“ ლაბორატორია
(რატომ ვერ ასწავლიან „ვეფხისტყაოსანს“ სკოლაში?!), ლ. ბერძენიშვილი, 2018 წ.
http://liberali.ge/articles/view/33793/shotas-gansatsdeli-anu-vefkhistyaosnis-laboratoria (liberali.ge);
3. თანამედროვე მოზარდების ღირებულებათა ორიენტაციის
კვლევა, ნ. ლომიძე, 2014 წ., www.mastsavlebeli.ge
(ინტერნეტგაზეთი);
4. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2011-2016 წწ.;
5. საქართველოს კონსტიტუცია, 1995 წ.,
6. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, 2004 წ., საქართველოს
მთავრობის დადგენილება
7. საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 8, 1984
წ.
8. „ვეფხისტყაოსანი“, სასკოლო გამოცემა, „ვეფხისტყაოსანი“
და აზრის პროგრესი, ნ. ნათაძე.
დანართი
1
კითხვარი
ძველი
ქართული ლიტერატურის ნაწარმოებებიდან რომელის იდეა/ღირებულებებია თქვენი აზრით,
21-ე საუკუნის ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
·
„შუშანკის წამება“
·
„გრიგოლ ხანძთელი“
·
„ვეფხისტყაოსანი“
·
„სიბრძნე-სიცრუისა“
Ø რომელი ნაწარმოების
შესწავლისას აწყდებით ყველაზე მეტ პრობლემას გაგება-გააზრების თვალსაზრისით?
·
„შუშანკის წამება“
·
„გრიგოლ ხანძთელი“
·
„ვეფხისტყაოსანი“
·
„სიბრძნე-სიცრუისა“
Ø რომელი ნაწარმოების
შესწვლას ისურვებდით თანამედროვე კონტექსრტში?
·
„შუშანკის წამება“
·
„გრიგოლ ხანძთელი“
·
„ვეფხისტყაოსანი“
·
„სიბრძნე-სიცრუისა“
დანართი
2
კითხვარი
Ø „ვეფხისტყაოსნის“ რომელი პერსონაჟი მოგწონთ?
·
ტარიელი
·
ავთანდილი
·
ფრიდონი
·
შერმადინი
·
ნესტან-დარეჯანი
·
თინათინი
·
ფატმანი
·
ასმათი
Ø რას გვასწავლის „ვეფხისტყაოსანი“?
·
სიყვარულს
·
მეგობრობას
·
ერთგულებას
·
გაუტანლობას
·
სიქველეს/სიკეთეს
·
ბოროტებას
·
უფლის რწმენას
·
სინანულს
დანართი
3
აფორიზმი „ლეკვი ლომისა სწორის, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“
ნიშნავს:
·
მე-12
საუკუნის საქართველოში გენდერული საკითხი აქტუალური იყო
თუ
·
სამეფო
ოჯახი იყენებდა თავისი უპირატეს უფლებას.
დანართი 4
სამიჯნურო წესი
საგმირო საქმეებით სიყვარულის განმტკიცებას მოითხოვს.
დაწერეთ ესე „მიჯნურობის
საგმირო საქმეებით განმტკიცება“ შემდეგი მითითებებით:
- რა საგმირო დავალება მისცა თინათინმა
ავთანდილს? ნესტანმა ტარიელს?
- იმსჯელეთ დღევანდელი გადასახედიდან
ამ კონკრეტულ საკითხზე.
დანართი 5
„მე - 21-ე
საუკუნის ადამიანი მე-12 საუკუნის გადასახედიდან“
§ ომში ტარიელთან ერთად იბრძოლებდი?
კი
არა
§ პასუხისმგებლობით
ავთანდილს მიბაძავდი?
კი
არა
§ ასმათთან
იმეგობრებდი?
კი არა
§ როსტევანის
მსგავსი მმართველი იქნებოდი?
კი
არა
§ სათნოებით
თინათინს მიბაძავდი?
კი
არა
§ სიყვარულში
ნესტანს შეედრებოდი?
კი
არა
§ ფატმანის
ქველობით ისარგებლებდი?
კი
არა
§ შერმადინის
ერთგულებას დააფასებდი?
კი
არა
დანართი 6
ნ. მაკიაველი: „მიზანი ამართლებს საშუალებას“...
აღნიშნული მოსაზრების შეაბამისად,
Ø როგორ აფასებთ ავთანდილის
საქციელს ფატმანთა მიმართებაში?
Ø იმსჯლეთ, თქვენ როგორ მოიქცეოდით?
დანართი 7
„ვეფხისტყაოსანი“
აღოძიების ხანის სარაინდო ეპოსის ჟანრს განეკუთვნება. იგი პერსონაჟებისაგან განსაკუთრებულ
ძალგულოვნებას, სიმამაცესა და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს.
თქვენ
მიერ დასახელებული თვისებები, რითიც ხასიათდებიან პოემის პერსონაჟები, დაახარისხეთ
და დაალაგეთ რეიტინგის მიხედვით. - მნიშვნელოვანიდან ნაკლებად მნიშვნელოვანისკენ:
·
გუნდურობა
·
ურთიერთპატივისცემა
·
ერთგულება
·
პასუხისმგებლობა
·
სტრატეგია
·
მიზანსწრაფულობა
·
სიყვარული
დანართი 8
Ø დაასახელე და იმსჯელე შენთვის
მნიშვნელოვანი, ღირებული აფორიზმის/სხარტული გამონათქვამის შესახებ, რომელსაც ცხოვრების
წესად გაიხდი
Comments
Post a Comment